logo
ENG



პოლიციელის თქმით, სამსახურიდან ათავისუფლებენ, რადგან მისი სიძე კახა საბანაძის მეგობარია

11 აგვ 202120:02
3 წუთის საკითხავი
 

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, თამაზ ჯოხაძე ამბობს, რომ სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ. 

მან ფეისბუქზე პირდაპირ რეჟიმში გაშვებულ ვიდეოში დაასახელა ადამიანები, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, პოლიციიდან უშვებენ. 

"ეს ადამიანები - დავით ჯაშაშვილი, გიორგი მესხი, დღეს სრულიად უმიზეზოდ მიბარებენ და მეუბნებიან, რომ უნდა წავიდე სამსახურიდან. ვეკითხები ორივე მათგანს და ვერც ერთი მპასუხობს, რატომ უნდა წავიდე. არ შეუძლიათ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამათ გონებასა და აზროვნებაში სხვა არაფერი დევს, გარდა იმისა, რომ წადი და მორჩა. შენ უკან ვინ დგას, რა დგას, არ გეკითხებიან - რამდენი შვილი გყავს, ოჯახში რამდენი წევრი გყავს, რამდენ ადამიანს ინახავ, რამდენ ადამიანს არჩენ, ამათთვის სულ ერთია. დაწერე პატაკი, რომ ოჯახური პირობების გამო მიდიხარო. 3 შვილი მყავს, ესენი შემინახავენ ოჯახს?" - თქვა თამაზ ჯოხაძემ. 

მისივე თქმით, ვარაუდობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი მისი სიძეა - გიორგი მეზვრიშვილი, რომელიც შიდა ქართლის დაცვის პოლიციის უფროსი იყო და ამავე დროს გიორგი გახარიას გუნდის წევრის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი. 

"ახლა უნდათ, მეც იმის გამო გამიშვან, რომ გიორგი მეზვრიშვილი ჩემი სიძეა". - ამბობს თამაზ ჯოხაძე. 


close დახურვა